ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან. გამოფენილი ნამუშევრები

გამოფენილი ნამუშევრები


კერძო და საზოგადოებრივი შენობების მოზაიკა


იატაკის მოზაიკა 

 

1 mosaico a rombi policromi

მოზაიკა პოლიქრომული რომბებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
მწვანე კაოლინიტი, წითელი და ვარდისფერი კირქვა, შავი მინა,
ნაცრისფერი მარმარილო „ბარდილიო”, თეთრი მარმარილო „პალომბინო”, სერპენტინის ქვა, ტუფი
146 x 142 x 3,5 სმ
ძვ.წ. I საუკუნის დასასრული – ახ. წ. I საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია რომში, 1869 წელს, კვირინალის ბორცვზე, წმ. ნიკოლოზ ტოლენტინელის ქუჩაზე.

დახვეწილი ფაქტურის მოზაიკა მცირე ზომის, სიმეტრიულად განლაგებული ტესერებითაა აგებული. ცენტრალურ ნაწილს ორი სხვადასხვა სახის ჩარჩო ესაზღვრება, რომლებსაც ერთ შემთხვევაში – შავ, მეორეგან კი თეთრ ფონზე გამოსახული სტილიზებული გეომეტრიული და მცენარეული მოტივები ამშვენებს. ცენტრში პოლიქრომიული რომბების დახვეწილი კომპოზიციაა გამოსახული, რომლის ოთხი კონტრასტული ფერიც პოლიქრომიის შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის.

 

 

2 2 mosaico tessellato a stuoia con inserti litici

ქსოვილისებრი მოზაიკა დამუშავებული ქვის ჩანართებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
ბაზალტი, თეთრი მარმარილო „პალომბინო”, ფერადი ქვები
58 x 208 x 10 სმ
იმპერატორ ავგუსტუსის ეპოქა (ძვ.წ. 31 – ახ.წ. 14 წწ.)
აღმოჩენილია რომში, რიონე მონტის დახურული ბაზრის მშენებლობისას ჩატარებული გათხრების დროს,
ბაჩინისა და წმინდა აღათა დეი გოტის ქუჩების კვეთაზე, 1933 წელს.

იატაკის განსაკუთრებული ტიპის მოზაიკა, სიმეტრიულად განლაგებული მართკუთხა თეთრი ტესერებით, რომელთა შორისაც ბრტყელი, ფერადი ქვებია მიმოფანტული. სხვადასხვა დაშორებით, „კალათისებურად” განლაგებულია წაგრძელებული ტესერები. მოზაიკა დიდი ზომის იატაკის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც, სავარაუდოდ, ავგუსტუსის ეპოქის კერძო შენობას ამშვენებდა.
 

 

3 mosaico policromo con motivo a scacchiera

პოლიქრომული მოზაიკა საჭადრაკო დაფისებრი გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
მარმარილო, სხვადასხვა სახის კირქვა
71 x 71 x 13 სმ
ადრიანეს ეპოქა (ახ.წ. 117-138წწ.)
აღმოჩენილია ტივოლიში, ადრიანეს ვილის ტერიტორიაზე. მარკიზ კამპანას კოლექციის ნაწილი.
მოზაიკა რომის მუნიციპალიტეტმა 1870 წლის შემდეგ შეიძინა.

მოზაიკა დიდი ზომის იატაკის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ადრიანეს ვილაში, „ოქროს მოედნის” შენობის ორ ოთახს ამკობდა. ის შედგება გეომეტრიული ფიგურებისაგან – სხვადასხვა ფერის კვადრატებისაგან. კვადრატის ფორმით, სავარაუდოდ, ავეჯზე დამაგრების მიზნით მოიჭრა.

 

 

4 mosaico policromo con trama di sinusoidi

პოლიქრომული მოზაიკა სინუსოიდების გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
მარმარილო giallo antico (ყვითელი) და rosso antico (წითელი), ბრექჩია პორტასანტა,
paesina (თიხანარევი კირქვა ტოსკანიდან), თეთრი მარმარილო „პალომბინო”, ლითომარგი (კაოლინიტი)
115,5 x 97,5 x 12 სმ (ჩარჩოიანად)
ახ.წ. II/III საუკუნეები
რომი, აღმოჩენის ადგილი უცნობია.

მოზაიკა შედარებით დიდი ზომის იატაკის ფრაგმენტს წარმოადგენს. მასზე გამოსახულია კვანძით შეკრული სინუსოიდების რთული კომპოზიცია. მრუდ ხაზებს შორის ცარიელ სივრცეს ყვავილოვანი მოტივები ავსებს. ორნამენტი მწვანე ფონზეა დატანილი ისე, რომ სარტყლებისა და მცენარეული მოტივების წითელი, თეთრი და ყვითელი ფერები გამოიკვეთება. კომპოზიციას წნული და ტალღისებური ორნამენტის ჩარჩო ასრულებს. მოზაიკის სინუსოიდების ორნამენტი პოლიქრომიული ეფექტის დახვეწილობით გამოირჩევა, რაც ფერთა პასტელური გამის დამსახურებაა.

 

 

5 mosaico policromo con busto di atleta

პოლიქრომული მოზაიკა ათლეტის ბიუსტის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა სახის კირქვა, მარმარილო და მინისებური პასტა
108,5 x 97,5 x 3 სმ
მიეკუთვნება სევერუსების მმართველობის პირველ პერიოდს (ახ.წ.193-211 წწ.)
აღმოჩენილია 1879 წელს რომში, იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკასა და პორტა მაჯორეს შორის.
მოზაიკა სეპტიმიუს სევერუსის თერმებს (ე.წ. „ელენეს თერმებს”) ამკობდა.

დაკუნთული, შიშველი მამაკაცის ბიუსტი მთელ სივრცეს იკავებს. მას ქვემოდან დენტიკულის და გილიოშის ჩარჩო საზღვრავს. მოზაიკაზე ათლეტის ფიგურაა გამოსახული. მოცემული პანელი დიდი ზომის იატაკის ფრაგმენტს წარმოადგენდა, რომელზეც სხვა ათლეტების, სავარაუდოდ, მეეტლეების და მოჭიდავეების ანალოგიური ფიგურებიც უნდა ყოფილიყო გამოსახული, რომლებიც სამწუხაროდ, დაკარგულია. მსგავსი ტიპის სიუჟეტებს, როგორც წესი, თერმების კომპლექსებში, ანდა სპორტული დანიშნულების ნაგებობებში ვხვდებით, სადაც ათლეტების გამოსახულებას ზოგჯერ თან ახლავს იმ სპორტისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა, რომელსაც ისინი მისდევდნენ. ხანდახან კი ათლეტების იდენტიფიცირება სახელის მეშვეობით ხდებოდა.

 

 

6 mosaico policromo con pianta di edificio

პოლიქრომული მოზაიკა შენობის გეგმის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
თეთრი მარმარილო „პალომბინო”, ყვითელი, წითელი, მწვანე და ცისფერი მინისებური პასტა
165 x 42,5 x 3,5 სმ; 165,5 x 45 x 3 სმ
ახ. წ. III საუკუნის შუახანები
აღმოჩენილია რომში, 1872 წელს, მარსალას ქუჩის სამშენებლო სამუშაოებისას.

ამ უნიკალურ მოზაიკაზე ერთ-ერთი ნაგებობის გეგმაა გამოსახული. შენობის აბსიდიანი და მრავალ-აბსიდიანი დარბაზები სარკისებურად ირეკლება ცენტრალური ნაწილის ორივე მხარეს, რომელიც, სამწუხაროდ, დაკარგულია მოზაიკის დაზიანების გამო. კედლების კონტურები შავი ტესერებითაა გამოყვანილი, ხოლო ყვითელი ტესერებით მათი სისქეა აღნიშნული. კედლებზე გავლებული წითელი ხაზები, შესაძლოა, კედლის ღიობებზე მიუთითებდეს. ცისფერი – წყალგაყვანილობაზე, მწვანე, სავარაუდოდ, – წყლის რეზერვუარზე. წითლად გამოსახული ციფრები, შესაძლოა, ოთახების ზომებია, გამოსახული რომაულ ფუტებში. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ერთი რომაული ფუტი 29.57 სანტიმეტრს უდრიდა, აღნიშნული შენობა არც თუ ისე დიდი უნდა ყოფილიყო. გეგმაზე მოცემული ოთახების, მათი განლაგების და წყალგაყვანილობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაგებობა ბალნეუმი – მცირე ზომის კერძო აბანო უნდა ყოფილიყო. ამ კომპლექსით შესაძლოა, ათლეტების გაერთიანება სარგებლობდა.

 

 

7 mosaico policromo con busto di stagione

პოლიქრომული მოზაიკა სეზონის ბიუსტის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
თეთრი კირქვა, ფერადი კენჭები
101 x 103 x 2,5 სმ
ახ.წ. III საუკუნის დასასრული – IV საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია 1875 წელს რომში, ესკვილინის ბორცვზე, წმინდა ვიტოს ტაძრის მახლობლად.

ქალის ფიგურა წელიწადის დროის პერსონიფიკაციას წარმოადგენს. ის გამოსახულია ტუნიკითა და ვარდისფერიდან წითელში გარდამავალი ტონალობის მანტიით შემოსილი; ყელს თეთრი მარგალიტის მძივი უმშვენებს. თავის გარშემო, ყავისფერ თმაზე თხელი ყლორტი შემოუხვევია, რომელიც, სავარაუდოდ, წყალმცენარე უნდა იყოს. მუქი ფერების სიჭარბე და თბილი ტანისამოსი, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ გამოსახულება შემოდგომის პერსონიფიკაცია უნდა იყოს. პანელს წნულის ჩარჩო კრავს. გამოსახულება დიდი კომპოზიციის ნაწილი იყო, რომლის ოთხ კუთხესაც, ცნობილი და ფართოდ გავრცელებული სქემის თანახმად, წელიწადის ოთხი დროის გამომსახველი ფიგურები ამკობდა. მათი სიმბოლური მნიშვნელობის გამო, რომელიც ბუნებისა და ადამიანის სიცოცხლის ციკლურობას უკავშირდება, წელიწადის დროების გამოსახულებები ფართოდ იყო გავრცელებული არა მხოლოდ საზოგადოებრივ და კერძო შენობებში, არამედ დასაკრძალავ ნაგებობებშიც. აქ წელიწადის დროების პერსონიფიკაციის გამოსახულებები მიანიშნებს სიცოცხლის განახლებაზე, აქედან – მკვდრეთით აღდგომაზე.

 

 

8 mosaico policromo con elementi geometrici e pesce

პოლიქრომული მოზაიკა გეომეტრიული ელემენტებითა და თევზის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
პორტასანტას ბრექჩია, მარმარილო rosso antico, ვარდისფერი კირქვა, თეთრი მარმარილო „პალომბინო”,
ბაზალტი და მწვანე კაოლინი. მცირე რაოდენობით გვხვდება სერპენტინისა და პორფირის ტესერები,
თევზისა და ზღვის ტალღების გამოსახულებაში კი დიდი რაოდენობით მინისებური პასტაა გამოყენებული.
63 x 110 x 10 სმ
ახ.წ. III საუკუნის დასასრული – IV საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია 1880 წლის 31 დეკემბერს რომში, ვია ნაციონალეზე, ექსპოზიციების სასახლის მახლობლად.

 

პანელი, რომელიც იატაკის მოზაიკის ჩარჩოს ნაწილს წარმოადგენდა, წრიულ და ოვალურ გეომეტრიულ მოტივებს, ცხოველურ და მცენარეულ სახეებს აერთიანებს. კომპოზიციის ფონი თეთრია, მისი გეომეტრიული სქემა შავი ხაზების მეშვეობითაა გამოყვანილი. პოლიქრომია მხოლოდ თევზისა და ყვავილის გამოსახულებაშია გამოყენებული, რომლებიც ურთიერთმონაცვლე ნუშისებურ კონტურსა და წრეს ავსებს. სარტყელში მოქცეული გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთს ხაზებით უკავშირდება. გეომეტრიული და ფიგურული მოტივების ურთიერთშეხამება რომში გვიანი იმპერიის პერიოდისთვისაა დამახასიათებელი, როდესაც მიუბრუნდნენ ელინისტური ხანის ნატურალისტური რეპერტუარიდან ცნობილ ნატიფად გამოყვანილ, დახვეწილი პოლიქრომიის ელემენტებს.

 

კედლის მოზაიკა

 

9 mosaico policromo parietale con candeliere

კედლის პოლიქრომული მოზაიკა შანდლის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
მინისებური პასტა, კირქვა, ორსაგდულიანი ნიჟარები
100 x 64 x 10 სმ
ახ.წ. I საუკუნის შუახანები
აღმოჩენილია რომში 1869 წელს, კვირინალის ბორცვზე, წმ. ნიკოლოზ ტოლენტინოელის ქუჩაზე.

პანელზე, რომელიც სამი მხრიდან ორსაგდულიანი ნიჟარებით არის შემოსაზღვრული, არაერთი იკონოგრაფიული და დეკორატიული მოტივია წარმოდგენილი. ცენტრში გამოსახულია კანდელაბრუმი, რომელიც ხუთი წაკვეთილ-კონუსური ნაწილისაგან შედგება. ეს ნაწილები ერთმანეთისგან ფოთლებით შემკული რგოლებითაა გამოყოფილი და გირჩით გვირგვინდება, რომლიდანაც ფოთლების ორი გირლანდა ეშვება ძირს. გირჩის თავზე ფრთებია გამოსახული. კომპოზიციის ელემენტები ამ მოზაიკას დიონისურ სამყაროს უკავშირებს და იმ გარემოს, რომელშიც წყალი უმთავრეს როლს ასრულებდა.

 

 

10 mosaico cornice di mosaico parietale con conchiglie

კედლის მოზაიკის ჩარჩო, გამოყვანილი ნიჟარებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
მინისებური პასტა, კარარას მარმარილო, ფრიტა, ნიჟარები
9 x 48 x 10,5 სმ
დაახლოებით ახ.წ. I საუკუნის შუახანები
აღმოჩენილია რომში, იმპერიის ქუჩის გაყვანისას, ველიას ბორცვზე მიმდინარე სამუშაოების დროს.

ფრაგმენტი ნიმფეუმის, ანდა მსგავსი სცენოგრაფიული სტრუქტურის შემკულობის ნაწილს უნდა მიეკუთვნებოდეს, რომელიც წყალთან იყო დაკავშირებული. ამის დასტურია ჩარჩოს დეკორატიული სქემის ზედა ნაწილში არსებული მოლუსკების ნიჟარების რიგი, რომელსაც ორსაგდულიანი ნიჟარების ერთი რიგი მოსდევს. ამ უკანასკნელთაგან მხოლოდ მათი ნაკვალევი და მცირეოდენი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

 

 

 11 mosaico policromo parietale con nave e faro

კედლის პოლიქრომული მოზაიკა ხომალდისა და შუქურის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა ფერის მინისებური პასტა, თეთრი კირქვა
206 x 194 x 8 სმ
ახ.წ. II საუკუნის დასასრული – III საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია რომში 1876 წელს ვია ნაციონალეს გაყვანის დროს, როსპილიოზი პალავიჩინის სასახლის ბაღში.

მოზაიკაზე ხომალდის პორტიდან გასვლის სცენაა გამოსახული დიდი ოსტატობით. თითოეულ დეტალს ექცევა ყურადღება. მოზაიკის ყველა ელემენტი, დაწყებული ნავსადგურიდან, დიდი სიზუსტით ხასიათდება. შუქურის უჩვეულო ნაგებობისა და ნავმისადგომის თაღედის საფუძველზე, მასში ბევრმა მეცნიერმა ალექსანდრიის პორტი ამოიცნო. მარჯვნივ სავაჭრო გემი მოჩანს, რომლის იალქანსაც ქარი აფრიალებს, მეზღვაურები კი სხვადასხვა საქმეს ეშურებიან.

 

 

12 mosaico parietale con quadriga

კედლის მოზაიკა, კვადრიგა
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა ფერის მინა და მინისებური პასტა
40 x 57 x 6 სმ
ახ.წ. II საუკუნის დასასრული – III საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია რომში 1876 წელს, ვია ნაციონალეს გაყვანის დროს, როსპილიოზი პალავიჩინის სასახლის ბაღში.

მოზაიკა თავდაპირველად პემზითა და სტუკოთი მოპირკეთებულ კედელს ამშვენებდა, რომელიც ვერტიკალური შვერილებით იყო დაყოფილი. სურათზე ეტლში შებმული ოთხი გაჭენებული ცხენია გამოსახული. პანელის ზედა და ქვედა კიდეებს თეთრი ტესერით გამოყვანილი, ორი ერთ ხაზიანი წარწერა მოჩანს: PHOENIX / INGENUO
პირველი წარწერა მეეტლის სახელს უნდა აღნიშნავდეს, ხოლო მეორე ერთ-ერთი ცხენისას.

 

 

13 mosaico parietale con biga

კედლის მოზაიკა, ბიგა
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა ფერის მინა და მინისებური პასტა
42 x 66 x 9 სმ (ჩარჩოს ჩათვლით)
ახ.წ. II საუკუნის დასასრული – III საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია რომში 1876 წელს, ვია ნაციონალეს გაყვანის დროს, როსპილიოზი პალავიჩინის სასახლის ბაღში.

თავდაპირველად ეს მოზაიკა, კვადრიგიანი მოზაიკის მსგავსად, პემზითა და სტუკოთი მოპირკეთებულ კედელს ამშვენებდა, რომელიც ვერტიკალური შვერილებით იყო დაყოფილი. საყრდენი ფენის შეზნექილობა გვაფიქრებინებს, რომ მოზაიკა კედლის დამყოფ ერთ-ერთ ნახევარწრიულ ნიშას ამშვენებდა. ცენტრში მოჩანს ბიგა, რომელშიც ორი მითიური არსებაა შებმული – ირმები, რომელთა უკანა ნაწილი თევზის კუდის ფორმისაა. ბიგას მართავს ცუდად შემორჩენილი ფრთოსანი ფიგურა, სავარაუდოდ, გრძელ კუდიანი თუთიყუში.

 

 

14 mosaico policromo con motivo a nastro ondulato

პოლიქრომული მოზაიკა ტალღების გამოსახულებიანი სარტყელით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა ფერის მარმარილო და მინისებური პასტა
50 x 74 x 9 სმ
ახ.წ. III საუკუნე
რომი, აღმოჩენის ადგილი უცნობია.

ფრაგმენტზე შემორჩენილია მოზაიკის ჩარჩოს ნაწილი, რომელიც, კომპოზიციაში გამოყენებული მინის ტესერების დიდ რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, კედლისა უნდა ყოფილიყო. ზემოდან ქვემოთ ერთმანეთს მოსდევს მეანდრისებრი ზოლი, ტალღების განმეორებადი ორნამენტული რიგი, თეთრ ფონზე გამოსახული გრეხილი სარტყელი ყვავილის მწვანე ფურცლებით თეთრ ფონზე, დაბოლოს დენტიკული. კომპოზიციაში წითელი და ყვითელი ფერი დომინირებს.

 

ემბლემატა

 

15 mosaico policromo con scena di pesca

პოლიქრომული მოზაიკა თევზაობის სცენის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა ფერის მარმარილო და კირქვა, მინისებური პასტა
20 x 17 x 3 სმ
ახ.წ. II საუკუნე
აღმოჩენილია 1875 წელს რომში, ლაბიკანასა და მერულანას ქუჩებს შორის,
წმ. მარჩელინოსა და პეტრეს ტაძრის მახლობლად.

ეს განსაკუთრებით ღირებული მოზაიკა, რომელიც უმცირესი ზომის ტესერებითაა აგებული, თევზაობის სცენას გამოსახავს. ორი შიშველი, ძლიერი აღნაგობის, მუქკანიანი მამაკაცი ბადეს ეწევა. მათ სხეულებზე კუნთები, შუქ-ჩრდილოვანი ეფექტის მეშვეობით, კარგად იკვეთება, რაც ტესერების პოლიქრომიული გამის ოსტატური გამოყენების დამსახურებაა. მოცემული სცენა კერამიკულ საფუძველზე დაგებული ემბლემის ნაწილია, რომელიც ცალკე შეიქმნა და ის ადგილზე აწყობილი დიდი მოზაიკის ცენტრალურ ნაწილში მოგვიანებით იქნა გადატანილი. აღმოჩენის ვითარების შესახებ ცნობების სიმწირის გამო, მოზაიკის კომპოზიციის ინტერპრეტაცია ძნელდება.

 

 

16 mosaico policromo con figura maschile

პოლიქრომული მოზაიკა მამაკაცის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა სახის კირქვა
19,5 x 17 x 3 სმ
ახ.წ. II საუკუნის დასასრული – III საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია 1874 წელს რომში, ესკვილინის ბორცვზე, წმინდა ბიბიანას ტაძრის მახლობლად.

ემბლემის ამ მცირე ფრაგმენტზე, შავი და თეთრი ტესერით აგებული დენტიკულიანი ჩარჩოს ქვემოთ, მამაკაცის ფიგურა მოჩანს, რომელიც სამი მეოთხედით მარცხნივაა მიბრუნებული. თავს ძლიერი სტრუქტურა აქვს, ხოლო დაკუნთული და დაჭიმული მარჯვენა მკლავით თუ ვიმსჯელებთ, სხეულიც მძლავრი უნდა ჰქონდეს. მსხვილ კისერზე “ლეონტე”- ლომის ტყავი, ჰერაკლეს ატრიბუტი, აქვს შემოსხმული. ეს ელემენტი პერსონაჟის აღნიშნულ ღვთაებასთან გაიგივების საშუალებას იძლევა. შესაძლოა, სურათზე თორმეტიდან ერთ-ერთი საგმირო საქმე – კერინიის ფურ-ირმის შეპყრობა არის გამოსახული. ამგვარი ვარაუდის საშუალებას ფიგურის პოზა და მასთან მითის კარგად ნაცნობი იკონოგრაფიის შედარება იძლევა.

 

 

17 mosaico policromo con personificazione del mese di maggio

პოლიქრომული მოზაიკა მაისის თვის პერსონიფიკაციის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
სხვადასხვა ფერის კენჭები, კირქვა, მინისებური პასტა
52 x 52 x 4 სმ
ახ.წ IV საუკუნის მეორე ნახევარი
აღმოჩენილია 1874 წელს რომში, ესკვილინის ბორცვზე, მეცენატის აუდიტორიუმის მახლობლად.

მცირე, პოლიქრომიული ტესერებისგან აგებული ემბლემა კერამიკულ სკივრს ამშვენებდა. გამოსახულებას გარშემო დენტიკულის ჩარჩო დაუყვება. ცენტრში გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცის ფიგურა მაისის თვის პერსონიფიკაციას წარმოადგენს, რასაც მარჯვენა მხარეს განთავსებული წარწერაც – „Maius” – ცხადყოფს. ფიგურას მოკლე და მსუბუქი სამოსელი აცვია, რომელიც მარცხენა მხარს არ უფარავს. მას მარცხენა ხელში ხილით სავსე, კანელურებიანი, ლითონის თასი უჭირავს, ხოლო მარჯვენაში – ყვავილი, რომელიც ცხვირთან, დასაყნოსად მიუტანია. მარცხნივ, მაგიდაზე დადგმულ მინის ამფორაზე წარწერაა – „pie zeses” („შესვი და იცოცხლე”) ბერძნული დალოცვა, რომელიც ლათინურად ითარგმნება ასე: bevi et vivi. ყოველივე ეს სიცოცხლით ტკბობას ასახავს, რაც გაზაფხულის პერიოდისთვის, განსაკუთრებით კი მაისის თვისთვისაა დამახასიათებელი. რასაკვირველია, ემბლემა კალენდრის თორმეტი თვის ამსახველი სერიის ნაწილს წარმოადგენდა.

 

დასაკრძალავი ნაგებობების მოზაიკა

 

18 mosaico con iscrizione funeraria

საფლავის ქვის მოზაიკა წარწერით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
თეთრი მარმარილო „პალომბინო”, სხვადასხვა ფერის მინისებური პასტა;
ბარდიგლიოს ნაცრისფერი მარმარილოს ჩარჩო
50,5 x 146 x 6 სმ
ახ.წ. III საუკუნე
აღმოჩენილია რომში, 1858 წელს, სან-ლორენცო-ფუორი-ლე-მურას ბაზილიკის მახლობლად.

 
ET D M RIORO
[ — ] VIIS TE FECIT TIMARE TAEFI CONR
შავი ტესერით გამოყვანილი, უთანაბრო წარწერა თეთრ, მართკუთხა ფონზეა შესრულებული. ეპიტაფიის გარშემო სივრცეს ამშვენებს ფერადი მინისებური პასტის ტესერით გამოსახული ექვსი სტილიზებული ვარდი და ორი მერცხალი. მოზაიკა დასაკრძალავი ფუნქციისა, როგორც ამაზე ვედრების სიტყვები – „Dei Mani” – მიგვანიშნებს. თუმცა, თავად ტექსტი გარკვევით არ იკითხება, რადგან მოზაიკის მარცხენა ნაწილი არ არის შემონახული. ეპიტაფია მიცვალებულს, სახელად ტიმარეტას, მშობლებმა მიუძღვნეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ეპიტაფიას მარჯვენა მხარეს დაემატა მისი სახელი, შემოკლებული ადგილის ნაკლებობის გამო. მეუღლის სახელიდან მხოლოდ წარწერა “RIORO” შემორჩა, რაც, სავარაუდოდ, “Arrio Romano”-ს შემოკლებული ფორმა უნდა ყოფილიყო. CIL-ში წარწერა შემდეგნაირად შეავსეს:
[-Ca]lliste fecit Timaretae fi(liae)
Et [Ar]rio Ro[mano] con[iugi suo] p(osuit)
იზოლა საკრას („წმინდა კუნძულის”) ნეკროპოლისთან და სხვა რომაულ სამარხებთან გავლებული პარალელის შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოზაიკა ზღურბლზე, ანდა ოჯახური აკლდამის იატაკზე უნდა ყოფილიყო განთავსებული.

 

 

19 mosaico bianco nero con europa sul toro

შავ-თეთრი მოზაიკა ხარზე ამხედრებული ევროპის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
“პალომბინოს” მარმარილო, ბაზალტი
125 x 158 x 4 სმ
ახ.წ. II საუკუნის დასასრული – III საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია რომში, 1936 წელს, ოსტიენსეს ქუჩაზე წარმოებული სამუშაოებისას, წმინდა პავლეს კარიბჭის მახლობლად.

მოზაიკა დასაკრძალავი კამერის იატაკს ეკუთვნის, რომელიც წმინდა პავლეს კარიბჭის (Porta Ostiensis) მახლობლად აღმოაჩინეს. იატაკის მოზაიკის ცენტრში ხარზე წამომჯდარი ქალის ფიგურაა გამოსახული. სცენა ასახავს ევროპას გატაცებას, რაც იშვიათად გვხვდება რომაული ეპოქის მოზაიკების სიუჟეტებს შორის. დაკრძალვის რიტუალის კონტექსტში ევროპა, იუპიტერის მეუღლე, ცოლ-ქმრული სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.

 

 

20 mosaico bianco nero con erma di dioniso

შავ-თეთრი მოზაიკა დიონისეს ჰერმის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
თეთრი მარმარილო „პალომბინო”, ბაზალტი, ვარდისფერი კირქვა
200 x 100 X 12 სმ
ახ.წ. III საუკუნის დასაწყისი
აღმოჩენილია 1919 წელს, რომში, ოსტიენსეს ქუჩის ერთ-ერთ სამარხში.

მოზაიკის მარჯვენა განაპირა მხარეს ვაზის ყლორტებში გახვეული ბახუსის ჰერმა მოჩანს. ქანდაკება აკანთოს ფოთლებიდან ამოდის და ხეივნის ტოტებს იჭერს. ჰერმის წინ, პასტორალურ გარემოში დიონისიური სცენა უნდა ყოფილიყო გამოსახული, რადგან ეს სიუჟეტი ფართოდ იყო გავრცელებული დასაკრძალავი ტიპის ნაგებობებში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოზაიკაზე თავად მთვრალი დიონისე იყო აღბეჭდილი, რომელიც სატირს ეყრდნობოდა. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა დეტალები, რომლებიც ორი ფიგურისაგან არის შემორჩენილი – წინხედში გამოსახული შავი ტერფი და რამდენიმე ფერადი ფრაგმენტი (ყვითელი და წითელი ფერის ტესერები), რომელიც, სავარაუდოდ, სხვა ფიგურას ეკუთვნოდა. სცენას წნული ჩარჩო უვლის გარს. სცენის ქვედა კიდეს მიუყვება შავი ტესერის ზოლი, რომელზეც თეთრი ფერის ტესერებით რომბები არის გამოყვანილი.

 

 

21 mosaico policromo ottagonale con pavoni

რვაკუთხა პოლიქრომული მოზაიკა ფარშევანგის გამოსახულებით
რომის მუნიციპალური ანტიკვარიუმი
კირქვა, მარმარილო, სხვადასხვა ფერის მინისებური პასტა
135 x 110,5 x 12 სმ
ახ.წ. II საუკუნე
აღმოჩენილია რომში, ვია აპიას ერთ-ერთ სამარხში, წმ. სებასტიანეს მარცხენა კოშკის მახლობლად,
კარიდან მარცხნივ, პორტა ადრეატინას გამზირის გასწორებისას, აურელიანეს კედლის მახლობლად, 1940 წელს.

რვაკუთხა პანელი საოჯახო აკლდამის იატაკის ცენტრალურ ფსევდო-ემბლემას წარმოადგენს. მასზე დაკრძალვასთან დაკავშირებული სიმბოლური სახეებია გამოსახული. ცენტრი ორ ფარშავანგს უკავია: ერთ-ერთი მათგანი მიწაზე მდგარ ჩიტს ჩანისკარტებას უპირებს. ქვედა სივრცეს მცირე ზომის ბუჩქები და ყაყაჩო ფარავს. ფარშავანგი დიონისეს წმინდა ფრინველია, ის მკვდრეთით აღდგომისა და უკვდავების სიმბოლოს წარმოადგენს: ფრინველს ყოველწლიურად კუდიდან ბუმბული სცვივა და ყვავილობის პერიოდში ხელახლა ამოსდის, რაც სიმბოლურად სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაბადებას მოასწავებს. იმავე სემანტიკას უკავშირდება ყაყაჩოც, დავიწყების ყვავილი.