ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

IMMAGICA. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში

გამოფენა “IMMAGICA. იტალიური ხელოვნება – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში” გახლავთ შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროსა და იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებაში. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიური კონტენტის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა.

გამოფენა “IMMAGICA. იტალიური ხელოვნება – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში” ხუთ საუკუნეს მოიცავს (მე-14 საუკუნიდან მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით) და მნახველს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნოს ისეთი დიდოსტატების უმნიშვნელოვანეს ნამუშევრებს, როგორიცაა: ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი” და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის “ხარება”, ბოტიჩელის „ვენერას დაბადება” და „გაზაფხული”, რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი”, ბელოტოს “სან მარკოს მოედანი” და “კასტელო სფორცესკო”, კანალეტოს “იტონის კოლეჯის კაპელა”, კანოვას „სამი გრაცია” და”ამური და ფსიქეა”.

003

გამოფენის შესავალ ნაწილში ვიდეოგამოსახულებების მეშვეობით მოთხრობილი ამბები ერთდროულად ხუთ უზარმაზარ ეკრანზე გადაიცემა. საგანმანათლებლო პლატფორმისა და სენსორული ეკრანების მეშვეობით შესაძლებელია წარმოდგენილი ნამუშევრების დეტალების დათვალიერება. გამოფენის VR ტექნოლოგიებით შექმნილ ნაწილში მნახველებს საშუალება აქვთ, კანალეტოსა და ბელოტოს ტილოებზე ასახული ამბები აღმოაჩინონ. ნამუშევრების აღწერის მოსმენა კი შეიძლება ყურსასმენებით, ორიგინალური მუსიკის ფონზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გამოფენის განხორციელების იდეა გაჩნდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლის შედეგად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების გამოყენების თემას ეძღვნებოდა. წამყვანი ტექნოლოგიებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სფეროში მომუშავე სამი იტალიური კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგია: ვირტუალური მარშრუტის იდეა და განხორციელება Cose Belle d’Italia Media Entertainment-ს ეკუთვნის, პლატფორმა Centrica-ს შექმნილია, ETT კი ვირტუალური რეალობის სივრცის კურატორია. გამოფენის ჩატარება შესაძლებელი გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

002

Immagica” ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის ეპოქის გენიალური ხელოვანების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, თანამედროვე იტალიელი მხატვრების, მათ შორის, ჯორჯო დე კირიკოს შედევრების, კარავაჯოსა და ლეონარდო და ვინჩისადმი მიძღვნილ გამოფენათა სერიის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც 18 თვის წინ დავიწყეთ და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად განვახორციელეთ. ეს ღონისძიებები იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის “VivereALL’italiana” ხელშეწყობით გაიმართა და მნახველთა რეკორდული რაოდენობა, 135.000 დამთვალიერებელი მიიზიდა. ერთობლივი მუშაობა ნიშნავს, რომ საფუძველი ეყრება ახალ თანამშრომლობასა და სხვადასხვა ინსტიტუციებსა და კომპანიებს შორის ნდობით სავსე ურთიერთობებს. ეს გამოფენა ციფრული სთორითელინგის ერთ-ერთი მაგალითია, საქართველო კი ის ადგილია, რომელსაც ძალუძს თავისი გასაოცარი კულტურული მემკვიდრეობა ტექნოლოგიების მეშვეობით მოგვითხროს, თავის საუნჯეს (ბუნების ხედებს, ხატებს, ფრესკებს, ოქროს ნაკეთობათა საგანძურს) საზღვრები გაუხსნას და მთელ მსოფლიოში ამოგზაუროს“, – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2019 წლის 31 მაისიდან 31 ოქტომბრამდე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3).

001

 

დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ:

შედევრები ეკრანზე

იტალიური კომპანიები

სტატიები და სიუჟეტები:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – პრესრელიზი, 29.05.2019
რადიო Jako FM – სტატია, 29.05.2019
Magister Art – სტატია, 29.05.2019
AISE – სტატია, 30.05.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 30.05.2019
ტვ იმედი – სიუჟეტი, 30.05.2019
კვირა – სტატია, 31.05.2019
Sputnik Georgia – სტატია, 31.05.2019
NewsGeorgia – სტატია, 31.05.2019
The Messenger – სტატია, 03.06.2019
Аргументы и факты – სტატია, 20.08.2019