ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

აქტუალური საკითხები

იტალია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შეთანხმებით, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს სწრაფვას, დაუახლოვდეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა წარმოადგენს სამეზობლო პოლიტიკის ნაწილს, რომელმაც 2009 წლიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გააკეთა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისათვის მიმზიდველ ქვეყანად აქცია.

იტალია მხარს უჭერს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (რომლის წევრიცაა – მაგ. გაერო, ეუთო, ნატო, ევროსაბჭო) ძალისხმევას ქართული კონფლიქტების ეფექტურად მოგვარების კუთხით.

საქართველო აფასებს იტალიის, როგორც შუამავლის, უმნიშვნელოვანეს როლს 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული კრიზისის დასტაბილურების საქმეში. 2008 წლის 3 სექტემბერს მინისტრი ფრატინი თბილისს ვიზიტით ეწვია. ჩვენი ქვეყანა პირველი იყო, ვინც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ფარგლებში დამკვირვებლები მოავლინა და დღესაც ამ მისიის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერს წარმოადგენს.

იხილეთ ანგარიში და ჩამოტვირთეთ 2008 წლის 24 სექტემბერს საქართველოში იტალიური კონტინგეტის ჩამოსვლის ამსახველი ვიდეომასალა.

გარდა ამისა, იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დაიწყო საქართველოში უაღრესად სასარგებლო ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა. 17 აგვისტოს იტალიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამმართველომ საქართველოში ჰუმანიტარული რეისით ჩამოიტანა პირველადი საჭიროების ნივთები და მასალები და ამით ნიადაგი მოუმზადა იტალიური წითელი ჯვრის ორგანიზაციის საქართველოში საზღვაო გზით შემოსვლას. წითელი ჯვრის ორგანიზაციამ, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსების მეშვეობით (180000 ევროს ოდენობით), კონფლიქტთან მიმდებარე ქალაქ გორში მოაწყო „იტალიური საველე ბანაკი” დევნილებისთვის, რომელიც დღის განმავლობაში 5000 ცხელ ულუფას ამზადებდა და ძალიან მალე ამ რეგიონისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებების შემგროვებელ პუნქტად იქცა.

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო გამოეხმაურა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის (ამ შემთხვევაში დაფინანსებამ 200000 ევრო შეადგინა) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (დაფინანსებამ 300000 ევრო შეადგინა) მოწოდებებს და დასაბამი მისცა 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში საქართველოს რეაბილიტაციისათვის გამართულ დონორთა კონფერენციაზე აღებული ვალდებულებების ფარგლებში თანამშრომლობის მთელ რიგ ინიციატივებს, რომლებიც იტალიის თანამშრომლობისა და განვითარების სამმართველოს მიერ 2009-2010 წლებში განხორციელდა.

იტალიამ, ევროპის სხვა წევრი ქვეყნების მსგავსად, კონკრეტული დახმარება გაუწია საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის გამოძიებას, შვეიცარიელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელიც ევროსაბჭომ 2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოავლინა. 2009 წლის 30 სექტემბერს კომისიამ ანგარიშის სახით წარმოადგინა გამოძიების შედეგები, რომელიც ძირითად ამოსავალ დოკუმენტს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სურს, ჩაწვდეს ომის გამომწვევ მიზეზებსა და კონფლიქტის დინამიკას.

შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობების მიუხედავად, ცხადია, რომ არსებული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარებას საჭიროებს, განსაკუთრებით, ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო და კულტურული თვალსაზრისით. იტალიის საელჩო თბილისში განუწყვეტლივ ზრუნავს ამ პოტენციალის განვითარებაზე ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „შეხვედრები” და „შეთანხმებები“.