Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ღვთისმშობელი ყრმით

თარიღი:

17/05/2018


ღვთისმშობელი ყრმით

ტიციანო ვეჩელიო (პიევე დი კადორე, 1488/1490 - ვენეცია, 1576)

ღვთისმშობელი ყრმით

tiziano madonna albertini
დაახლ. 1560
ტილო, ზეთი, 124 x 96 სმ
ვენეცია, აკადემიის გალერეა (კატ. N1359)

უკანასკნელად რესტავრაცია ჩაუტარდა 2005 წელს, ჯულიო ბონოსა და პიერანჯელა ფორმაჯინის მიერ
ბიბლიოგრაფია: სანდრა როსი „L’Ultimo Tiziano e la sensualità della pittura",
გამოფენის კატალოგი, კურატორი ს. ფერინო-პაგდენი (ვენა და ვენეცია, 2007-2008),
ვენეცია 2008, გვ. 272-275


1616 წლიდან მილანელი მარკიზის, მაზენტას საგვარეულო კოლექციაში აღნუსხული ნამუშევარი 1879 წლამდე ოჯახის საკუთრებაში იყო, რის მერეც მისი მფლობელი მაზენტას შთამომავალი, ბერგამოელი პინეტი მარტინენგო გახდა. 1916 წელს „ღვთისმშობელი ყრმით" კოლექციონერმა ლუიჯი ალბერტინიმ შეიძინა, 1981 წლიდან კი ლუიჯის ვაჟის, ლეონარდოს ანდერძის თანახმად, ტილო აკადემიის გალერეაში ინახება და გამოფენილია მნახველთათვის (ნეპი შირე, „Tiziano", 1990., გვ. 324, კატ. 58).

ტილოს თავდაპირველი ადგილსამყოფელი, ზომები და სიუჟეტი მიუთითებს, რომ ის კერძო მფლობელისთვის შეიქმნა. ღვთისმშობელი წითელ ტანსაცმელში, რუხ-ცისფერი მოსასხამით, სევდანარევი სინაზით უმზერს მუხლებზე მჯდარ ყრმას. კავშირი დედასა და შვილს შორის გამსჭვალულია ჩუმი სიყვარულით და, ამავდროულად, ნაღვლიანი შეგნებით: ორი ფიგურის ერთმანეთზე მიპყრობილი მზერა თითქოს წინასწარ გვაუწყებს იმ მსხვერპლზე, რომელიც მათთვის უკვე ცნობილი და გარდაუვალია. ფიგურები მუქი წითელი ფერის ფარდისა და ქვის კედლის ფონზეა გამოსახული. ღიობში სურათის მარცხენა კიდეზე მკრთალად ისახება ცეცხლმოკიდებული ბუჩქი. ფუნჯის რამოდენიმე სწრაფი მოსმით დახატული მოწითალო ფერის ალი მიიწევს თეთრი ღრუბლებით დაფარული, მქრქალი, თითქმის აბსტრაქტული ზეცისკენ. ეს გამოსახულება, რომელიც გვხვდება ტიციანის სხვა ფერწერულ ნამუშევარზეც (სან სალვადორის ეკლესიის ტილოზე „ხარება"), ღვთისმშობლის უმანკოების სიმბოლოა: თვალნათლივია პარალელი ძველ აღთქმაში მოთხრობილ სასწაულსა (ბუჩქი, რომელსაც ღვთაებრივი ცეცხლი ეკიდება, მაგრამ არ იწვის) და ქალწულის წიაღში მაცხოვრის უბიწო ჩასახვის სასწაულს შორის.

რეფლექტოგრაფიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ტილო მანამდე სხვა სიუჟეტისთვის იყო გამოყენებული: გადმოტრიალებულ ტილოზე, ყრმის ფეხების ადგილას გამოსახული იყო თითქმის დასრულებული და მხატვრულად დამუშავებული მლოცველი ქალის ფიგურა. კიდევ უფრო რთულმა დიაგნოსტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტიციანი ხშირად მიმართავდა დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი ტილოების გარკვეული დროის შემდეგ ხელახლა გამოყენებას მარტივი ხერხით - ტილოს თავდაყირა გადმოტრიალებით. ტიციანის მუშაობის სტილის სირთულეს სხვა წყაროებიც ადასტურებს: თვითმხილველის, ჯორჯო ვაზარის თქმით, მხატვრის უკანასკნელი ნამუშევრები შესრულებული იყო „ხელის ძლიერი მოსმითა და ლაქებით" და „თუ ბევრს ეჩვენება, რომ ფუნჯის ამგვარი მოსმა იოლია, ძალიან სცდება, ვინაიდან ეს მოსმა ბევრჯერ მეორდება, იცვლება ფერები და იგრძობა მხატვრის შრომა. და ეს ხერხი გონიერი, მშვენიერი და გასაოცარია, ვინაირად აჩვენებს, რომ ფერწერა ცოცხალია, შექმნილია დიდი ოსტატობით და არ ჩანს, თუ რა ძალისხმევა იმალება მის უკან".


tiziano 1359 ricostruzione rx

„ღვთისმშობელი ყრმით" შექმნილია ფუნჯის სწრაფი მოსმითა და მოძრაობით, რაც ტიციანის შემოქმედების გვიანდელი პერიოდისთვის ძალიან დამახასიათებელია. როგორც წესი, ტილო თარიღდება მეთექვსმეტე საუკუნის სამოციანი წლებით, როდესაც ფერთა შერევით მიღებული საღებავი სინათლით ივსება (ამის მაგალითია ვენეციის სან სალვადორის ეკლესიის ტილო „ხარება"). დიდი ხნის წინანდელი სარესტავრაციო გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სრულად დაიკარგა ღვთისმშობლის მოსასხამის ჩრდილები, ყრმის კანი გაუფერულდა, ფეხების დიდი ნაწილი კი ხელახლა დახატულს ჰგავს.

ამ კომპოზიციის წარმატებას მოწმობს მისი უამრავი, მათ შორის მოგვიანებით შექმნილი, ასლი (ყველაზე ცნობილია პადოვანინოს ტილო პადუის მთავარი ტაძრის საკრისტიაში) და გრავიურები. ტიციანის იკონოგრაფიამ შთააგონა ფლამანდრიელი მხატვარი ანტონ ვან დეიკი, შეექმნა თავისი „ღვთისმშობელი ყრმით", რომელიც ამჟამად პარმის ეროვნულ გალერეაში ინახება.


ადგილი:

Tbilisi

1055