Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კოლექციებში დაცული იტალიური რენესანსის ეპოქის გრაფიკული ნამუშევრები

თარიღი:

17/05/2018


ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კოლექციებში დაცული იტალიური რენესანსის ეპოქის გრაფიკული ნამუშევრები

კარლო ალბერტოს ფონდის კოლექცია


ტურინის სამეფო ბიბლიოთეკაში ინახება გრაფიკული ნამუშევრების უმნიშვნელოვანესი კოლექცია, რომელიც სარდინიის მეფის კარლო ალბერტოს ბრწყინვალე კულტურული პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. 1832 წელს გაიხსნა სამეფო გალერეა (დღევანდელი „გალერეა საბაუდა"), 1837 წელს კი - „არმერია რეალე". 1839 წელს მეფემ შეიძინა ჯოვანი ვოლპატოს (კიერი, 1797 - ტურინი, 1971) კუთვნილი 1850 ესკიზი, რომლებიც მანამდე დიდი იტალიელი და უცხოელი მხატვრების სხვადასხვა ცნობილ კოლექციებში იყო გაბნეული და შემდგომ პარიზის ანტიკვარიატის ბაზარზე გაყიდული. ვოლპატოს კოლექცია, ფლამანდრიელი და ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრების გარდა, შეიცავდა იტალიური ხელოვნების ნიმუშებსაც (აღორძინების ეპოქიდან ნეოკლასიციზმამდე), მათ შორის, ლეონარდო და ვინჩის უნიკალური ჩანახატების სერიას. მეფის მიერ დაარსებული და ამჟამად სამეფო მუზეუმების შემადგენლობაში მყოფ სამეფო ბიბლიოთეკაში დაბინავებული კოლექცია გამოფენილია სივრცეში, რომელიც 1998 და 2014 წელს ტურინის ხელოვნებისა და კულტურული ძეგლების საბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა.


disegni biblioteca reale torino


სამეფო ბიბლიოთეკაში დაცული შედევრების წყალობით, ბიბლიოთეკის კოლექცია იტალიაში გრაფიკული ნამუშევრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კოლექციას წარმოადგენს. ლეონარდო და ვინჩის ჩანახატების გარდა, ის შეიცავს ტოსკანური და ვენეციური რენესანსის მხატვრობის შესანიშნავ ნიმუშებს: რაფაელის შემოქმედების ადრეული პერიოდით დათარიღებულ ესკიზს, მისი საუკეთესო მოწაფეების ნამუშევრებს, მიქელანჯელოს ჩანახატებს (მათ შორის მუზეუმში „კაზა ბუონაროტი" დაცული მომცრო ქანდაკების ესკიზს), პარმიჯანინოს, პერუჯინოს, ბოტიჩელის, პინტურიკიოს და ვაზარის ესკიზებს. განსაკუთრებულად საყურადღებოა ჯიროლამო და კარპის ჩანახატები მისი უბის წიგნაკიდან.


გრაფიკული ნამუშევრის დანიშნულება, შესრულების ტექნიკა და შემდგომი წარმატება


გრაფიკული ნამუშევარი ნებისმიერი გამომსახველობითი ფორმით იდეის დამუშავების პირველ მომენტს ასახავს. ქაღალდის გავრცელებასა და მხატვრის ინტელექტუალური როლის აღიარებასთან ერთად, შუასაუკუნეების შემდგომ ევროპაში გრაფიკა დიდი წარმატებით სარგებლობდა. მეთხუთმეტე საუკუნის ტრაქტატები ხელოვნებაზე მის მნიშვნელობას ხაზს უსვამდნენ და მხატვრებს ამ ტექნიკის გამოყენებას ურჩევდნენ. ესკიზი სამუშაო იარაღია, რომელიც ხელოვანს შესაძლებლობას აძლევს, მიჰყვეს თავის ალღოს, გამოკვეთოს და დაამუშავოს დეტალები, ნამდვილი პეიზაჟისა თუ ადამიანის სხეულის გამოსახვით, ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებას, ანტიკური თუ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ჩახატვით, დახვეწოს საკუთარი სტილი. ეს ტექნიკა გამოიყენებოდა, როგორც სახელოსნოში შეგირდების სწავლებისათვის, ასევე, დამკვეთისთვის საკუთარი პროექტის წარსადგენად. გრაფიკის მეშვეობით ხელოვანის ჩანაფიქრი მზა ნამუშევრად იქცევა. ხანდახან ესკიზი თითქმის ავტომატური ჟესტია, რომლითაც მხატვარი ქაღალდზე ფანტასტიკურ იდეას ჩანიშნავს და ფიგურებისა თუ დეკორატიული მოტივების მთელ წყებას შექმნის.


leonardo autoritratto
ლეონარდო და ვინჩი, ავტოპორტრეტი (დაახლ. 1515)


რენესანსის ეპოქაში ჩანახატი მხოლოდ ის სამუშაო იარაღი აღარ არის, რომელიც სახელოსნოში გამოიყენება, ან თან ერთვის დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. ის მხატვრის სტილის გამომსახველი ნამუშევარია, რომელსაც კოლექციონერები აგროვებენ. მართლაც, გამოფენაზე წარმოდგენილ ზოგიერთ ჩანახატზე დღესაც მოსჩანს ბეჭედი თუ წარწერები, რომლებიც მოწმობს, რომ ნამუშევარი ამა თუ იმ იტალიელ თუ ევროპელ კოლექციონერს ეკუთვნოდა. მეთვრამეტე საუკუნეში პარიზსა და ლონდონში ინტერესი გრაფიკული ნამუშევრებისადმი ძალიან გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო მათ სხვადასხვა ქვეყნებში გაბნევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩანახატებზე არსებული წარწერები ხშირად (და ხანდახან მცდარად) აღნიშნავს ჩანახატის წარმომავლობას, ისინი სამხატვრო-ისტორიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებას წარმოაჩენს.


ადგილი:

Tbilisi

1057