Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის. გამოფენილი ნამუშევრები

თარიღი:

25/03/2019


დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის. გამოფენილი ნამუშევრები

გამოფენილი ნამუშევრები

 

de chirico natura morta con selvaggina 1

ნატურმორტი ნანადირევით
ზეთი, ტილო, 70X49სმ, 1923

 

de chirico natura morta con selvaggina 2

ნატურმორტი ნანადირევით
ზეთი, ტილო, 70X49სმ, 1923

გამომსახველობითი ხერხებისა და ტექნიკის თვალსაზრისით, ორივე ნატურმორტი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე შეიქმნა დე კირიკოს შემოქმედების იმ პირველი მეტაფიზიკური პერიოდის დასრულებისთანავე, როდესაც მხატვარმა მუზეუმებში დაცული დიდი ოსტატების ხელოვნება ხელახლა აღმოაჩინა და რენესანსის დროინდელი იტალიელი მხატვრობის ნიმუშების ასლების შექმნას შეუდგა. სინამდვილეში კი, ორივე სურათი მე-16-17 საუკუნეების ფლამანდრიული სკოლის მოდელით არის შექმნილი. თუ ევროპაში, რომელიც 15 წლით ადრე ავანგარდისტულმა მიმდინარეობებმა წალეკა, ეს პერიოდი კლასიციზმის სტილისთვის დამახასიათებელ წესრიგთან „დაბრუნების" დროა, დე კირიკო „უბრუნდება ხელობას" და, შესაბამისად, სახვითი ხელოვნების ჟანრებს. დე კირიკო მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში ნატურმორტს ძალიან ხშირად მიმართავდა.

 

 

de chirico la commedia e la tragedia

კომედია და ტრაგედია
ზეთი, ტილო, 146X114სმ, 1926

ამ სახელგანთქმულ ნამუშევარს საფუძვლად სამი ასპექტი უდევს: რამოდენიმე წლით ადრე დე კირიკო თეატრალურ სამყაროს დაუახლოვდა, ამავე პერიოდში მხატვარი ისევ მიუბრუნდა „მანეკენის" თემას, რომელიც მისი შემოქმედების პირველ მეტაფიზიკურ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების მთავარი პერსონაჟი იყო და ისევ წინ წამოწია კლასიკურობის, მითისა და ისტორიის თემა. „მანეკენი გამონაგონი არ არის, ის რეალობაა, მეტიც, სევდიანი და საზარელი რეალობა. ჩვენ გავქრებით, მანეკენი კი დარჩება", - წერდა დე კირიკო. ამ სურათზე მანეკენი იმ ორი თეატრალური კლასიკური ჟანრის ალეგორიაა, რომლებიც გამონაგონისა და შეთხზულის მეშვეობით მოგვითხრობს და დაგვაფიქრებს საზოგადოების ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დრამაზე, წუხილსა და კონფლიქტებზე.

 

 

de chirico donna nuda

შიშველი ქალი
წყლიან-ზეთოვანი ემულსია (ზეთოვანი ტემპერა), ტილო, 46,5X38სმ, 1926/30

ოციანი წლებით დათარიღებული შიშველი ფიგურების მთელი სერია, რომელსაც 1930 წელს „მიტოვებული არიადნე" დაასრულებს, შეიქმნა დე კირიკოს შემოქმედების „ხელობასთან დაბრუნების" ეტაპზე, როდესაც მხატვარი ანტიკურობის, ისტორიისა და მითის თემების ნაცვლად, ბუნებისა და ადამიანების გამოსახვას არჩევს. ანტიკურობაზე მხოლოდ სურათის სიღრმეში გამოსახული ტაძარი მიგვანიშნებს და თითქოს მიგვითითებს ამ თემებთან კავშირის წყვეტასა და ინტერესის დაკარგვაზე. როგორც საკუთრივ ობიექტის გამოსახვის სტილი, ასევე, ფერები და ფუნჯის რბილი მონასმი, მეცხრამეტე საუკუნის მოდელებსა და რენუარის „ნიუს" მოგვაგონებს. მე-19 საუკუნე და ბიოკლინი დე კირიკოსთვის ყოველთვის შთაგონების წყარო დარჩება, მაგრამ ამ სურათზე მხატვარი მისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სიმბოლისტურ და დეკადენტურ ატმოსფეროზე კი არ მიგვანიშნებს, არამედ, ხმელთაშუაზღვისპირეთის გრძნობად და ხორციელ გარემოს გამოსახავს. სწორედ ეს გარემო აკავშირებს დე კირიკოს სურათს „შიშველი ქალი" მხატვრის შემოქმედების იმ ეტაპთან, რომელიც უშუალოდ უსწრებდა წინ ამ ნამუშევრის შექმნას.

 

 

de chirico cavallo rampante

ცხენი ყალყზე
ზეთი, ტილო-მუყაო, 24X18სმ, დაახლ. 1928

კლასიკური და ხმელთაშუაზღვისპირეთის მითებისა და ძველბერძნული თუ რომაული სიუჟეტებისა და თემების კვლევის წლებში დე კირიკოს შემოქმედებაში გაჩნდა ცხენის ფიგურა და მხატვრისთვის საყვარელ და ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მოტივად იქცა. ცხენის გამოსახულობა გვახსენებს დე კირიკოს დაბადების ადგილს, თესალიას, რომელიც ცხენების მოშენებით არის ცნობილი. ყალყზე შემდგარი და მონუმენტურობისაკენ მიდრეკილი ცხენის გამოსახვა ანტიკური ქანდაკების ესთეტიკის გავლენაა. ამ ესკიზზეც ცხენის სხეული სკულპტურულია და აქ კარგად ჩანს, თუ როგორ ჩნდება და ვითარდება მოძრაობა ფიგურის სტატიკური პოზიდან.

 

 

de chirico cavalli bianchi

თეთრი ცხენები
ზეთი, ტილო, 73X92სმ, 1929

დე კირიკოსეული ცხენი წარმოდგენილია, როგორც მეტაფიზიკური იდეა - მითი, რომელიც დაკავშირებულია პოსეიდონთან, მარსთან, აპოლონთან, ანტიკურ გმირებთან, აქილევსის ცხენებთან (ქსანთოსა და ბალიოსთან), ავრორას რაშებსა (ფაეტონსა და ლამპოსთან) და დიოსკურებთან.
ცხენის ფიგურას დე კირიკოსთვის ისეთივე მხატვრული მნიშვნელობა გააჩნია, როგორც ნიუს, პეიზაჟს, ნატურმორტს, პორტრეტსა თუ ავტოპორტრეტს, ანუ ყველა იმ კლასიკურ ჟანრს, რომლებსაც მხატვარი იმ პერიოდში უბრუნდებოდა, როდესაც არ ქმნიდა „გამოგონილ" სიუჟეტებსა და პერსონაჟებს (მანეკენებს, არქეოლოგებს, იდუმალ მობანავეებსა თუ მეტაფიზიკურ ინტერიერებს).

 

 

de chirico studio di figura

მამაკაცის ფიგურის ესკიზი (მიქელანჯელოს ესკიზის მიხედვით)
ზეთი, ტემპერა, ტილო, 35X25სმ, 40-იანი წლები

მე-15 საუკუნისა და ადრეული რენესანსის ხელოვნებისადმი დე კირიკოს ინტერესი, რომელიც დამახასიათებელი იყო მხატვრის შემოქმედების პირველი მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდისთვის, ორმოციან წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა (სავარაუდოდ, ეს ესკიზი სწორედ ამ დროს შეიქმნა) და მაღალი რენესანსისა და მე-19 საუკუნის ზოგიერთი ფერმწერის შემოქმედებასაც შეეხო. მოგვიანებით დე კირიკო წერდა: „ჩემდა თავად, მე მშვიდად ვარ და შემიძლია სიამაყით წარმოვთქვა სამი სიტყვა: „Pictor optimus sum". მინდა, რომ ყოველი ჩემი ქმნილება ამ სიტყვებს ადასტურებდეს". ეს ფრაზა ავალდებულებს მხატვარს, თითქოსდა პარალელი გაავლოს საკუთარ თავსა და მიქელანჯელოს შორის - მართლაც, ეს სურათი სიქსტეს კაპელის ფიგურის მოძრაობისა და მოხაზულობის ინტერპრეტაციაა.

 

 

de chirico autunno

შემოდგომა
ზეთი, ტილო, 200X89სმ, 1949

შემოდგომის სევდანარევი სილამაზის თემა მჭიდროდ უკავშირდება ტურინს, ქალაქს, სადაც ნიცშეს ტრაგიკული ბედი ეწია. დე კირიკო წერდა: „ტურინში შემოდგომა წელიწადის ის დროა, როცა მეტაფიზიკის სინატიფე მთელი სიმძაფრით იკვეთება. სეზონი, რომელსაც რომანტიკულ შემოდგომასთან საერთო არაფერი აქვს: ეს მოქუფრული ცის, დამჭკნარი ფოთლებისა და გაფრენილი მერცხლების დროა". მხატვრის ერთ-ერთი პირველი მეტაფიზიკური სურათი სწორედ „შემოდგომის შუადგის ენიგმაა". შემთხვევითი არ არის, რომ 1949 წელს შექმნილ სურათში ბრუნდება მეტაფიზიკური, თითქმის სიურეალისტური ატმოსფერო, სადაც სევდა და დახვეწილობა ქალის კლასიკური, სკულპტურული შიშველი ფიგურით გადმოიცემა.

 

 

de chirico le bagnanti

მობანავე ქალები
ზეთი, ტილო, 35X55სმ, დაახლ. 1950

მობანავეები დე კირიკოს ერთ-ერთი საყვარელი თემაა და მკაფიოდ მიანიშნებს კლასიკურ მხატვრობაზე (ტიციანსა და ველასკესიდან ენგრამდე). ორმოციანი წლების მეორე ნახევრიდან ორმოცდაათ წლებამდე პერიოდში ეს თემა დე კირიკოს შემოქმედებაში განსაკუთრებულ ელფერს იღებს: ცალკეული გამოსახულებებისა თუ მზით გაჩახჩახებულ ქვიშის სანაპიროზე დიდი ზომის შიშველი ფიგურების ნაცვლად, ჩნდება ქალის ფიგურები (ხშირად ორ-ორი), მკვეთრად განსხვავებული პოზებით. ამ სურათზე პერსონაჟები თითქოს ბუნებაში ჩაძირულან პეიზაჟის ფონზე, რომელიც ძალიან ჰგავს მე-17 საუკუნის კლასიციზმისთვის დამახასიათებელ იდილიურ გარემოს.
„მობანავე ქალები" შეიქმნა მხატვრის შემოქმედების იმ პერიოდში, რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი „ბაროკოს" უწოდებს (თუმცა დე კირიკოსეული „ბაროკო" ნამდვილ ბაროკოსთან შედარებით ნაკლებად იდილიურია).

 

 

de chirico il giudizio di paride

პარისის სამსჯავრო (ჩანახატი)
ფანქარი, აკვარელი, მუყაო, 40X30,2სმ, 50-იანი წლების დასაწყისი

დე კირიკოს შემოქმედების ყველაზე წინააღმდეგობრივი ეტაპია ე.წ. „ბაროკოს პერიოდი", როდესაც მხატვარმა ხელახლა აღმოაჩინა ჯერ მე-17 საუკუნის ფერწერა, შემდეგ კი რუბენსის მხატვრობა. დე კირიკო მიმართავს და ნიმუშად იყენებს ფლამანდრიელი დიდოსტატის სიუჟეტებს, ტექნიკას, ფერებსა და ფიგურებს. რუბენსის ტილო „პარისის სამსჯავრო", რომელიც ამჟამად პრადოს მუზეუმში ინახება, დე კირიკოს შთაგონების წყაროდ იქცა.
დე კირიკოს „პარისის სამსჯავრო" მუყაოზე შესრულებული ჩანახატია, რომელიც ადასტურებს მხატვრის სიუჟეტით დაინტერესებასა და დაწყებული მუშაობის პროცესს: გამოკვეთილი და შედარებით დასრულებულია ერთ-ერთი ქალისა და მნახველისკენ ზურგშექცეული მამაკაცის ფიგურები, მოხაზულია პეიზაჟიც, რომლის კონტურები წითელი და ცისფერი აკვარელით არის შესრულებული.

 

 

de chirico piazza ditalia

პიაცა დ'იტალია
ზეთი, ტილო, 30X40სმ, 50-იანი წლების დასასრული

მაურიციო კალვეზის თქმით, ნამუშევრების სერია „პიაცა დ’იტალია" დე კირიკოს მეტაფიზიკური მხატვრობის პირველი ალეგორიული თემაა. ამ სურათებში მეორდება დე კირიკოს შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ისეთი ელემენტები, როგორიცაა უსასრულობა, მარტოობა, იდუმალება, უკაცრიელი ქუჩები, მდუმარე მოედნები, ცხენოსანი ძეგლი, მუქი ფერის ლაბადამოსხმული ფიგურის ქანდაკება, რომელიც ჩაფიქრებული დგას, რაღაცას ელის და შორეულ ჰორიზონტს გასცქერის.
დე კირიკოს ფერწერა, თავისი მკაფიოებითა და სტატიკურობით, კლასიკურ და მე-19 საუკუნის იტალიურ არქიტექტურას მოგვაგონებს. მარტოსულობა და მდუმარება, სვეტების რიგი, რომელიც სიღრმისეულ პერსპექტივას ქმნის, სივრცითი ილუზიები, ქვაფენილი და პორტიკები, მკვეთრი ჩრდილები, ანტიკური თაღები და დიდი შენობები, განმარტოებით მდგარი სკულპტურები - ცხოვრება თითქოს შეჩერდა და მას დანარჩენი სამყაროსგან უხილავი საბურველი ჰყოფს.

 

de chirico ettore e andromacaჰექტორი და ანდრომაქე
მოვერცხლილი ბრინჯაო, 95X55X45სმ, 1970

აქ წარმოდგენილი სცენის შინაარსი იდუმალებით მოცული და ბუნდოვანია. სიუჟეტზე მხოლოდ სახელწოდება მიგვანიშნებს, რომელიც „ილიადას" VI წიგნში აღწერილი ეპიზოდიდან მომდინარეობს და იმ კლასიკურ კულტურას უკავშირდება, რომელმაც და კირიკოზე დიდი გავლენა მოახდინა. აქ ასახულია დრამატული სცენა, როდესაც ჰექტორი ანდრომაქეს ეთხოვება, მის მუდარას ყურს არ უგდებს და აქილევსთან საბრძოლველად მიემართება. დე კირიკოს მიერ შექმნილი სკულპტურული სცენა სრულიად დაცლილია იმ ძლიერი გრძნობებისგან, რომლებიც ჰომეროსმა ჰექტორისა და ანდრომაქეს გამოთხოვების ეპიზოდში აღწერა: მართლაც, დე კირიკოს სამყაროში ნარატივი არ არსებობს, ემოციები ქრება და მათ ადგილს მეტაფიზიკური ასპექტი იკავებს. აქ მხოლოდ ამბავი, მითი და იდუმალებით აღსავსე ბედისწერის აღსრულების მოლოდინი რჩება.

 

 

de chirico cavalli in riva al tirreno

ცხენების ტირენიის ზღვის პირას
ტემპერა ქაღალდი, ლითოგრაფიული წესით გადატანილი ტილოზე, 51,5X68,4სმ, 1970

1968 წელს, ოთხმოც წელს მიტანებული მხატვრის შემოქმედებაში ახალი, „ნეომეტაფიზიკური" პერიოდი იწყება, როდესაც დე კირიკო მიმართავს უკვე შესწავლილი თემებისა და ობიექტების ახლებურ ინტერპრეტაციებს. ამ პერიოდში შესრულებული სურათები, მანამდე შექმნილ ნამუშევრებთან შედარებით, უფრო მკვეთრი ფერებით და მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა. ამ სურათებს შორისაა „ცხენები ტირენიის ზღვის პირას", რომელიც ოციანი წლების დასასრულისთვის დამახასიათებელი თემების გამოძახილია. წყნარი გარემო, ნათელი ფერები, გამარტივებული ხაზები და სინათლის კონტრასტი დე კირიკოს შემოქმედების უკანასკნელი წლების ძიებათა შესანიშნავი მაგალითია.

 

 

de chirico trovatore

ტრუბადური
ზეთი, ტილო, 34X25სმ, 1972

ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია სხვადასხვა ფორმის მქონე ობიექტები, რომლებიც უჩვეულო ადგილებში და გარემოსთან ყოველგვარი კავშირის გარეშეა თავმოყრილი.
მხატვარს განყენებული და კონტექსტს მოკლებული საგნები თუ პერსონაჟები მათთვის ჩვეული გარემოდან შორეულ ადგილას გადააქვს. 1917 წლიდან მანეკენის გამოსახულება დე კირიკოს მეტაფიზიკური ხელოვნების მუდმივი თანმდევია. ცივი, გულგრილი სამკერვალო მანეკენი ცოცხალი ადამიანის ადგილს იკავებს, ადამიანი კი რობოტს ემსგავსება. დე კირიკოს ადამიანი უმოძრაოა, უსახური და ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე.

 

 

de chirico attesa

მოლოდინი
ზეთი, ტილო, 53X42სმ, 1974

„ხელახლა დაწყებაზე თუ რაიმესთან მიბრუნებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ვერავინ ვერასდროს ვერ მაიძულებს, ამა თუ იმ სტილით ვხატო. ჩემთვის არანაირი წესი და კანონი არ არსებობს. რაც მსურს, იმის კეთებას გავაგრძელებ და საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას მივცემ", - წერდა დე კირიკო მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ თემებსა და ძიებებთან ახალ, ნეომეტაფიზიკურ ჭრილში მიბრუნების იდეაზე.
სიკვდილამდე ოთხი წლით ადრე შექმნილ ტილოზე დე კირიკომ თავი ყველა იმ ელემენტს მოუყარა, საიდანაც ოდესღაც მისი მეტაფიზიკური მხატვრობა გაჩნდა: განუსაზღვრელ დროს, უსახელო და უსახო სივრცეს და, რაც მთავარია, მანეკენს (ფიგურას, რომელსაც ადამიანის ფორმა და იერი აქვს, მაგრამ უმოძრაო და უსიცოცხლოა). თუმცა მხატვრის შემოქმედების ამ პერიოდისთვის წუხილი, სიცარიელე და გამოფიტულობა დამახასიათებელი არ არის, ფერები უფრო ცოცხალია, სინათლე გაბნეული, მანამდე მკვეთრი და მკაფიო ჩრდილები კი საგრძნობლად შერბილებული.
ეს ხელოვანის უკანასკნელი გზავნილია.


ადგილი:

Tbilisi

1142