ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

2021, ღონისძიებები, რომლებიც საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
იანვარი, თბილისი

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ საქართველოში, ჯორჯო პერლასკას ფონდთან თანამშრომლობით, კინოს მოყვარულებს შესთავაზა დოკუმენტური ფილმი სიმამაცისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ ქცეულ „იტალიელ შინდლერზე”.

eventi 1

 


დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის” თემაზე შექმნილი ბალეტი “ბეატრიჩე”

მაისი, თბილისი
ოქტომბერი, ბათუმი

დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, იტალიის საელჩომ თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობით, დიდი იტალიელი პოეტისადმი მიძღვნილი უამრავი ღონისძიება მოამზადა. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება გახლდათ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” სპექტაკლი “ბეატრიჩე”, რომლის იდეა და კონცეფცია დავით მაზიაშვილს ეკუთვნის, დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფიის ავტორი მარიამ ალექსიძე გახლავთ, მუსიკა კი სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის დაწერა „ოსკარისა” და „ოქროს გლობუსის” პრემიებით დაჯილდოებულმა სახელგანთქმულმა იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ. სპექტაკლი ჯერ საქართველოს დედაქალაქში, შემდეგ კი ბათუმში გაიმართა, სადაც სპექტაკლს კომპოზიტორი დაესწრო.

eventi 2

 


იტალიური კვლევებისა და ინოვაციების დღე

ივნისი, თბილისი

იტალიური სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დღის აღსანიშნავად იტალიის საელჩომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გამართა ღონისძიება, რომლის ნახვა შესაძლებელი იყო საელჩოსა და ინიციატივაში ჩართული ორგანიზაციების სოც. ქსელების მეშვეობით. ღონისძიებაზე იტალიაში სამთვიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდა ორი ახალგაზრდა ქართველი ინოვატორი, რომლებმაც გაიმარჯვეს იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციასა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში გამართულ კონკურსში “STEM Study Visit”.

ev 3 

 

ფოტოკონკურსი “იტალიურობა საქართველოში”
ივნისი, თბილისი

ღონისძიების “Advancing on the Italian Design Days in Georgia” ფარგლებში, იტალიის საელჩომ, დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, ჩაატარა ფოტოკონკურსი “იტალიურობა საქართველოში” და იტალიასა და საქართველოს შორის არსებული სახელოვნებო და კულტურული კავშირების ამსახველი საუკეთესო ფოტოსურათების ავტორები დააჯილდოვა.

ev 4 

იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში
ივნისი, თბილისი

არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით, იტალიის საელჩომ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, გამართა ღონისძიება “Advancing on the Italian Design Days in Georgia”. ღონისძიება მოიცავდა სემინარს იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს (CNAPPC), იტალიის რესტავრატორთა ასოციაციის (Assorestauro), ევროპის დიზაინის ინსტიტუტისა (IED) და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრა იტალიელი მოქანდაკე და ხელოვანი ედოარდო მალაჯიჯი, რომელმაც ნარჩენებისა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით, შექმნა ნამუშევარი “Cupola”, (ნამუშევრის პროტოტიპი 1985 წელს ალდო როსის მიერ „Alessi”-სთვის შექმნილი და იტალიური დიზაინის მაგალითად ქცეული ყავის მადუღარაა).

eventi 5

 


იტალიური კინოს მეოთხე მსოფლიო კვირეული

ივნისი

იტალიური კინოს მეოთხე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს ეძღვნება, რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია, იტალიის საელჩომ, სოც. ქსელების მეშვეობით, კინოს მოყვარულებს სამი სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმი შესთავაზა: „წიგნიდან ეკრანამდე – „კომისარ მონტალბანოს” საგა”, „ენრიკო პიაჯო. იტალიური ოცნება” და „ლუიზა სპანიოლი”.

eventi 6

 

 

პირველად საქართველოში: პომპეის საგანძური ვანსა და თბილისში
ივლისი – სექტემბერი, ვანი
ოქტომბერი – ნოემბერი, თბილისი

ქართველ დამთვალიერებელსა და საქართველოს სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი”, რომელიც ჯერ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა, შემდეგ თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა.
ექსპოზიცია , რომლის კურატორი პომპეის არქეოლოგიური პარკი გახლდათ, იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და იტალიურ კომპანია “Glocal Project Consulting”-სთან თანამშრომლობით ჩატარდა. გამოფენამ, რომელზეც წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლის საგანძური (ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები, ფრესკები, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები), მნახველს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფა და ყოველდღიურობა გააცნო.

777

 

 

გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში
აგვისტო, ბათუმი

შავი ზღვის სახელგანთქმულმა ტურისტულმა ქალაქმა ბათუმმა გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში სამი ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსი მონაწილეობდა: ალესანდრო გოლდონი (ტენორი), კლაუდია სასო (სოპრანო) და ლორენცო ტაციერი, რომელიც Tokyo Metropolitan Opera Foundation-ის დირექტორი და გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. მუსიკის მოყვარულებს კონცერტის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ სატელევიზიო არხის Adjara TV-ს მეშვეობით.

genoa poster

 


კონცერტი, რომელიც იტალია-საქართველოს მეგობრობას მიეძღვნა

სექტემბერი, ბათუმი

მე-13 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიხსნა კონცერტით, რომელიც იტალია-საქართველოს მეგობრობასა და ყველაზე ცნობილი იტალიური კინომუსიკის შექმნელის, ნინო როტას დაბადების 110 წლისთავს ეძღვნებოდა. კონცერტში ცნობილ ქართველ პიანისტსა და დირიჟორთან, ნიკოლოზ რაჭველთან, ნიჭიერ მომღერალ სოფო ხალვაშთან და კ. ვარდელის სახელობის სიმებიან კვარტეტთან ერთად, მონაწილეობდა ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი ბანდეონისტი, ბრწყინვალე შემსრულებელი მარიო სტეფანო პიეტროდარკი.

gamis serenadebi poster

 


კლაუდიო ნოჩეს ფილმი კინოფესტივალ “თაობის” გამარჯვებული გახდა

სექტემბერი, თბილისი

იტალიური კინოს წარმატება საქართველოში: კლაუდიო ნოჩეს ახალი ფილმი “Padrenostro” მე-4 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალი „თაობის” სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული გახდა. კინოფესტივალს, რომელიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა, თბილისის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე მასპინძლობდა.

taoba poster

 


იტალიური კინო ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF)

სექტემბერი, ბათუმი

იტალიური კინემატოგრაფის კიდევ ერთი წარმატება საქართველოში: ბათუმის საავტორო კინოს XVI საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) დოკუმენტური ფილმების კონკურსში მონაწილე იტალიელი რეჟისორისა და ვიდეოხელოვანის, იური ანკარანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ატლანტიდე” ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

eventi 11

 


იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული

ოქტომბერი

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას ინიციატივით იმართება, წელს დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს ეძღვნებოდა.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, კოორდინირებითა და მხარდაჭერით უამრავი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის:
– იტალიური კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, იტალიური უნივერსიტეტებისა და სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით;
– პირველი სრულმეტრაჟიანი იტალიური ფილმის “Inferno” ჩვენება, რომელიც იტალიელი მუსიკოსი მარიო მარიანის მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართა;
– დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტისა და თსუ-ს რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია;
– საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული დანტე ალიგიერის პორტრეტით და, ასევე, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების” ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომლებიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით და სხვადასხვა ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით შეიქმნა;
– კვირეულის განმავლობაში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” ორგანიზებით განხორციელებული სასკოლო შემეცნებითი აქტივობების (დიდი იტალიელი პოეტისა და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებისადმი მიძღვნილი ნახატებისა და კომიქსების შექმნა-გამოფენის, სხვადასხვა ინტერაქტიული ღონისძიებებისა და გაკვეთილების) დასკვნითი ღონისძიება.

eventi 12

 


იტალიელი სტრიტ-არტისტი ლუკა ლედა ქუჩის ხელოვნების ფესტივალზე “ნიკო”

ოქტომბერი, თბილისი

თბილისის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთი შენობის კედელს ახლა უკვე ნიჭიერი იტალიელი სტრიტ-არტისტის, ლუკა ლედას ნახატიც ამშვენებს. ტურინელი ხელოვანის მონაწილეობა ქუჩის ხელოვნების ფესტივალში “ნიკო” იტალიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.

eventi 13

 

თანამედროვე იტალიური ხელოვნება აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე
ნოემბერი, თბილისი

საქართველოს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების შემოდგომის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ გამოფენა “აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან”. ექსპოზიცია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
იტალიის საელჩოს ორგანიზებით იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია მოიცავდა თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან დღემდე და აერთიანებდა სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებს და განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და ტექნიკით (ფერწერით, ფოტოგრაფიითა თუ ინსტალაციით) შექმნილ 38 ნამუშევარს.

1 igav michelangelo pistoletto

 


იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეული

ნოემბერი, თბილისი

იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის აღსანიშნავად ჩვენმა საელჩომ საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა:
– პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლების სემინარი „გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია: იტალიიდან საქართველოში”, ამავე უნივერსიტეტისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ერთობლივი პროექტის „Ark of Taste – Atlas of Georgia” პრეზენტაცია და პიემონტეს რეგიონის ტრადიციული კერძებისა და სასმელების დეგუსტაცია;
– მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეული მატეო სივეროს მასტერკლასი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიული აკადემიის სტუდენტებისა და მომავალი მზარეულებისთვის;
– იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიება „Spirits Italiani” ალკოჰოლური სასმელების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის;
– დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები”;
– საელჩოს სოც.ქსელის რუბრიკა #Italiaincucina ტრადიციული იტალიური კერძების შექმნის ისტორიასა და მომზადების წესებზე და ენების ევროპულ დღის (EDL) ფარგლებში გამართული კულინარიული გადაცემის სრული ვერსია, იტალიის ელჩის მოადგილე ნიკოლა იორიოსა და იტალიელი შეფ-მზარეული ენცო ნერის მონაწილეობით;
– საელჩოს პარტნიორების მიერ მომზადებული სპეციალური მენიუ და სხვადასხვა შემოთავაზებები.

15

 


იტალიური ფილმები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

დეკემბერი, თბილისი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც იტალიის საელჩოს ტრადიციული მხარდაჭერით იმართება, წარმოდგენილი იყო ორი იტალიური ფილმი: ძმები დამიანო და ფაბიო დ’ინოჩენცოს “ლათინური ამერიკა”, შესანიშნავი მსახიობის, ელიო ჯერმანოსა და სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მსახიობი ქალების, ასტრიდ კაზალის, სარა ჩოკასა და კარლოტა გამბას მონაწილეობით, და კანის “ოქროს პალმის რტოს”, “დონატელოს დავითის”, “ვერცხლის ფირისა” და სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი რეჟისორისა და მსახიობის, ნანი მორეტის ფილმი “სამი სართული” მარგერიტა ბაის, ალბა რორვახერისა და რიკარდო სკამარჩოს მონაწილეობით.

tiff poster

 

იტალიური ვერიზმი თბილისში, საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალზე
დეკემბერი, თბილისი

მე-16 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ კონცერტში, რომელიც იტალიურ ვერიზმს ეძღვნებოდა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო ალიბეგაშვილთან ერთად, უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, სახელგანთქმული იტალიელი ტენორი ვალტერ ფრაკარო მონაწილეობდა.

dalla pascqua poster orizzontale