ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ოქრო-ვერცხლი: ფუფუნება და დახვეწილობა

ძვ.წ. I საუკუნიდან მოყოლებული, რომაულ სამყაროში, რომელიც რესპუბლიკის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიმკაცრისა და ხელმომჭირნეობისგან გათავისუფლდა, ფუფუნება ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება (ქალის სამშვენისებად მიჩნეული ოქროს სამკაულებიდან დაწყებული, მაღალი ფენის წარმომადგენელთა სუფრის ვერცხლეულობით დამთავრებული). თუ რომში, იმპერატორის სასახლის კარს თვალში საცემი ფუფუნების სხვადასხვა ფორმა ახასიათებს, პომპეიში აღმოჩენილი უამრავი ძვირფასი სამკაული მიუთითებს ახ.წ. I საუკუნის რომის შეძლებული პროვინციული ქალაქის მოდასა და წეს-ჩვეულებებზე, სადაც ფუფუნებას უფრო მარტივი ფორმებით ბაძავდნენ. პომპეის სახლებში ნაპოვნია კარადებსა და ზარდახშებში შენახული სამკაულები. ასევე, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა, რომელიც ვეზუვის ამოფრქვევას გაურბოდა, ძვირფასეულობის თან წაღებასაც ცდილობდა.

orecchini a spicchi di sfere
საყურე
ტორე ანუნციატა (ოპლონტისი), ვილა B
ოქრო, ახ.წ. I საუკუნე

ახ.წ. I საუკუნის სამკაულები განსაკუთრებით მდიდრულია და მეტწილად ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრებს – ოქროში ჩასმულ ძვირფას თვლებსა და მარგალიტს წარმოადგენს. შეძლებული ქალების სამკაულის ტრადიციული ნაკრები ბეჭდისგან, საყურეებისა და სამაჯურისგან შედგებოდა. ქალის ყველაზე საყვარელი და, შესაბამისად, ყველაზე გავრცელებული სამკაული ძირითადად, ოქროს გრანულებითა და თვლებით გაწყობილი საყურეები გახლდათ. ყველაზე ცნობილი ოქროს საყურე მარგალიტით “crotalia”-ს სახელითაა ცნობილი და ეს სახელი იმ წკარუნის გამო დაერქვა, რომელსაც ერთმანეთთან შეხეთქების დროს მარგალიტები გამოსცემდნენ. ამგვარი საყურე ძალიან პოპულარული გახლდათ, თუმცა მას მკაცრად აკრიტიკებდნენ ისეთი მორალისტები, როგორც სენეკა. ქალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო ლამაზი და მოდური საყურე ჰქონდა, მკლავებსა და წვივებზე კი ერთიანად ჩამოსხმული ან მოქნილი, ნახევარსფეროებიანი სამაჯურები და მდიდრული, თუმცა იშვიათად გრძელი, ყელსაბამები ეკეთათ.

bracciali a semisfere
სამაჯურები
პომპეი
ოქრო, ახ.წ. I საუკუნე