ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”

პომპეიმ, რომელიც საშინელმა სტიქიურმა უბედურებამ ერთბაშად გაანადგურა, მაინც მოახერხა ურბანული და არქიტექტურული სტრუქტურის ხელუხლებლად შენარჩუნება. ეს იშვიათი კი არა, შეიძლება ითქვას, უნიკალური შემთხვევაა: ქალაქი მნახველებს განუმეორებელ ემოციას სთავაზობს – მათ შეუძლიათ დაათვალიერონ ქუჩები, შევიდნენ სახლებში და იგრძნონ, როგორი იყო ცხოვრება ძველ, აწმყოსგან განსხვავებულ დროში.

ამ გამოფენის არსი სწორედ ამ მკაფიო ზღვრის წარმოჩინებაა: დღევანდელი პომპეი მხოლოდ ანტიკური ქალაქის ჩონჩხი არ გახლავთ, რომელიც ახ.წ. 79 წელს ვეზუვის საზარელმა ამოფრქვევამ სიცოცხლის ყველა ფორმისგან დაცალა და დააცარიელა ნივთებისგან. სწორედ ეს ნივთები (ავეჯი, ინსტრუმენტები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი და, რა თქმა უნდა, ფრესკები, რომლებიც სახლების კედლებს ამშვენებდა) დაგვეხმარებოდა წარმოგვედგინა ქალაქი ისეთად, როგორიც იყო ოდესღაც.

baner 2 c

ამ გამოფენას, მიმზიდველობის გარდა, პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნია – დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს პომპეისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფასა და ყოველდღიურობას და იხილოს არტეფაქტები იმდროინდელი საცხოვრებელი სახლის შემადგენელი სივრცეებიდან (ატრიუმიდან, ტრიკლინიუმიდან, პერისტილიუმიდან, ლარარიუმისა და ბაღიდან). გარდა ამისა, ექსპოზიციაში ჩართულია ძვირფასი სამკაულები და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები. მნახველი მთლიანად ჩაეფლობა ახ.წ. I საუკუნის ანტიკური ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ნიშანდობლივია, რომ გამოფენა ვანის მუზეუმში იმართება, ვანის ნაქალაქარის ადგილას, რომელიც ისტორიული კოლხეთის ტერიტორია გახლდათ და ძვ.წ. I საუკუნის მეორე ნახევარში მტრის შემოსევის შედეგად განადგურდა. მნახველს საშუალება მიეცემა, პარალელი გაავლოს ამ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადგილს შორის, რომელთა არსებობა, მართალია, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ერთნაირად მოულოდნელად და ტრაგიკულად შეწყდა.